Категории:

თავი III. საგნობრივი პროგრამები

Поиск по сайту:


страница1/64
Дата08.03.2012
Размер9.94 Mb.
ТипДокументы
Содержание
Iii - iv კლასების სტანდარტებში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით
Iii _ iv კლასი
Iii - iv კლასი
6. ქართული სამეფო-სამთავროები xv ს.-ის ii ნახევარსა _ xviii ს.-ში
7. Xv-xviii საუკუნეები
Ii ეტაპი _ შუა საუკუნეების (v ს-დან xv ს-მდე)
Xi ან xii კლასების სტანდარტი არჩევითი კურსისთვის ეკონომიკა
Xi-xii კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით
Xi ან xii კლასების სტანდარტი არჩევითი კურსისთვის მოქალაქეობა (პრაქტიკული სამართალი)
Xi-xii კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით
Xi-xii კლასების სტანდარტი არჩევითი კურსისთვის სახელმწიფო
Xi-xii კლასის სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემულ შინაარსზე დაყრდნობით
Vii – ix კლასები) და საშუალო სკოლა (
Excuse-moi, je suis désolé!
Je te félicite! Mes compliments ! Mes félicitations!
Je t’invite chez moi ce soir. . . Si on allait se promener au parc ?
C'est gentil, mais je n'ai pas le temps. Volontiers!
Le ciel se dégage; Il pleut fort/à verse
Il mesure 1m 83, il pèse 120 kilos
Barrez les lettres qui ne se prononcent pas!
...
Полное содержание
Подобный материал:
  1   2   3   4   5   6   7   8   9   ...   64

თავი III. საგნობრივი პროგრამები


საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში


1. ზოგადი ნაწილი საგანში ქართული ენა და ლიტერატურა


შესავალი


ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცენტრალური ადგილი უკავია ქართულ ენას, რომელიც საქართველოს სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სახელწოდებით ისწავლება.


ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქვედა საფეხურზე შეძენილი უნარი თავადვე იქცეოდეს ახალ უნარ-ჩვევათა განვითარების წყაროდ სწავლების მომდევნო საფეხურზე, ვლინდებოდეს კომპლექსურ პიროვნულ აქტივობაში, ინტერაქტიურ მიმართებებში, საკომუნიკაციო ინიციატივის, დამოუკიდებელი კრიტიკული ანალიზისა და სიახლეთა პრეზენტაციის სურვილში.


ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საშუალო საფეხურზე უნდა წარიმართოს და სწავლების მიზანი განისაზღვროს იმის გათვალისწინებით, რომ პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ ქართული ენის საფუძველზე ყალიბდება, ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს:

  • განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);

  • გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

  • განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;

  • ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;

  • შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;

  • გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.



ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი ამოცანები

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

  • კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;

  • ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;

  • აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;

  • მსჯელობის უნარის განვითარება;

  • სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) მონაცემთა საფუძველზე;

  • ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;

  • ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;

  • დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;

  • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;

  • სხვადასხვა სახის ლექსიკონებით, ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება;

  • სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;

  • ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;

  • მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;

  • ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;

  • სხვადასხვა ტიპის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზის და შექმნის უნარის გამომუშავება;

  • მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;

  • ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;

  • ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების გამოვლენა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

  • ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.



ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებები

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად სფეროში ჰპოვებს რეალიზებას. Eესენია: ენა, რიტორიკა და ლიტერატურა .


ა. უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები:


1. ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს. Eესენია: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი პიროვნების აღზრდას.


2. კითხვა - არის საფუძველი წიგნიერებისა, რომელიც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება ნაირგვარი წერილობითი ინფორმაციის წაკითხვისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას. მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით, სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.


3. წერა - ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება _ პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად შესატყვისი სტილის შერჩევა, წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, “შავი” ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება; იგი უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.

ბ. საგნობრივი მიმართულებები


ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, ენის სწავლება ენის ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს.


1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება, როგორც აზროვნების საშუალება, უპირველესად გულისხმობს ადამიანის თვითგამოხატვის ენობრივი საშუალებების ფლობას, ენის სემანტიკური და სტრუქტურული კანონზომიერებების ცოდნას; მოსწავლეები ეუფლებიან მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება; არა გრამატიკული ცოდნის თვითმიზნური დაგროვება, არამედ მოსწავლეთა სრულყოფილი ენობრივი განვითარება. აქედან გამომდინარე, აქცენტები გაკეთდება გრამატიკის არა თეორიული კურსის მიწოდებაზე, არამედ პრაქტიკული გრამატიკის კურსის შემუშავებაზე. სტანდარტში მოცემული საკითხები, რომლებიც ლექსიკოლოგია-მორფოლოგია-სინტაქსის საკითხებს მოიცავს, მოსწავლეს უნდა მიეწოდებოდეს ტექსტთან მიმართებაში, ტექსტიდან გამომდინარე.

2. ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშავოს მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.

3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, როგორც სიტყვის ხელოვნება, აირეკლავს ცხოვრებას თავისი წინააღმდეგობებითა და სირთულეებით, გამოირჩევა იდეათა, მსოფლმხედველობათა და ესთეტიკურ განცდათა მრავალფეროვნებით; სწორედ ამიტომ, მხატვრული ტექსტების გაცნობისას და ლიტერატურის ფენომენის თავისებურებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა.

ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური ინდივიდუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას.

პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული ცნობიერების მქონე ადამიანის ჩამოყალიბება, არამედ საზოგადოდ ისეთი სასწავლო სიტუაციის შექმნა, სადაც ინდივიდს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები.


ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი ატიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.


სტანდარტის სტრუქტურა

სტანდარტი მოიცავს თითოეული კლასის ბოლოს მისაღწევ შედეგებსა და ამ შედეგების შესამოწმებელ ინდიკატორებს. შედეგები და ინდიკატორები დალაგებულია სამი ძირითადი მიმართულების (ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) მიხედვით; ეს არის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები (სტანდარტის სტრუქტურის გართულების თავიდან აცილების მიზნით, მოიხსნა განაწილება საგნობრივი მიმართულებების მიხედვით, რაც პირველ რედაქციაში იყო მოცემული და რასაც შემოსული შენიშვნების დიდი ნაწილი ეხმაურებოდა). თითოეულ მიმართულებაში 3-დან 6-მდე შედეგია. ინდიკატორთა რაოდენობა არ არის შეზღუდული: მერყეობს 2-დან 10-მდე. შედეგის მისაღწევად არ არის აუცილებელი, მოსწავლე ასრულებდეს ყველა ინდიკატორს; ეს ეხება განსაკუთრებით მაღალ კლასებს. ასეთ სტანდარტს ახლავს პროგრამის შინაარსი, რომელზე დაყრდნობითაც სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. პროგრამის შინაარსში გაწერილია კონკრეტული საკითხები (მასალა) საგნობრივი მიმართულებების მიხედვით - ენის (ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება), რიტორიკისა (სოციალური ინტერაქცია) და ლიტერატურის (მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა) სფეროებიდან. სახელმძღვანელოს ავტორი არ არის ვალდებული, ზედმიწევნით მისდიოს პროგრამის შინაარსს - მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს; ასევე, რეკომენდაციის სახით სტანდარტს ერთვის ქართველ მწერალთა ჩამონათვალი, რომელთა ნაწარმოებებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტანდარტში მოცემული სავალდებულო შედეგების მიღწევა.


სწავლების საფეხურების დახასიათება

1) დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები)


დაწყებითი სწავლება მოიცავს ექვსწლიან ციკლს; სკოლის ეს პერიოდი მოითხოვს სწავლების ამოცანების წარმოდგენას ინტეგრირებული, კოორდინირებული სახით. ამდენად, ამ შემთხვევაში წამყვანი პრინციპია საგნის (ენისა და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა.

დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:


ა. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება


  • სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;

  • წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი და სინთეზი);

  • სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;

  • ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;

  • მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;

  • გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.



ბ. ენის კომუნიკაციური ასპექტები


  • სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;

  • კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;

  • საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;

  • კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;

  • სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების შეთხზვა.


გ. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა


  • სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტის მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;

  • მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;

  • ტექსტის ეპიზოდების ერთამანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;

  • გმირის საქციელის ზნეობრივი შეფასება;

  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;

  • მხატვრული ტექსტების შექმნა;

  • საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.


პროგრამის ძირითადი შინაარსი დაწყებით საფეხურზე

მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება თვითგამოხატვისათვის აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი _ მოსმენის, მეტყველების, კითხვისა და წერის _ მიმართულებით. ამავე დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რაც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და რაც ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს შეესაბამება.

ძირითადი რესურსები (ტექსტები), რომელთა საფუძველზეც ხდება მშობლიური ენისა და ლიტერატურის სასწავლო ამოცანების გადაწყვეტა, შეიძლება ორ ტიპად დაიყოს: მხატვრულ-შემოქმედებითი და ოფიციალურ-საქმიანი. ამავე დროს, ამ ტექსტების უფრო კონკრეტული დასახელება შესაძლებლობას იძლევა, ისინი სამ ძირითად კატეგორიად (სახედ) დაჯგუფდეს - შემოქმედებითი, შემეცნებითი და პრაგმატული ხასიათის ტექსტებად (შესაბამისი განაწილება და ჩამონათვალი ქვემოთ სქემის სახით არის წარმოდგენილი).


ასევე შესაძლებელი ხდება იმ ძირითადი თემატიკის მონიშვნა, რომელიც მითითებულ ტექსტთა ტიპებმა და სახეებმა უნდა აღბეჭდოს და მოიცვას, რათა ადამიანის კულტურული და სოციალური გარემოს მთელი მრავალფეროვნება აისახოს.


ტექსტთა სხვადასხვა ტიპები ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც მოსწავლე უნდა მოამზადოს ნაირგვარი ცხოვრებისეული და პროფესიული ურთიერთობისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული, შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფალი გამოხატვა.



ტექსტის ტიპები

მხატვრული

ოფიციალურ-საქმიანი

თხრობითი, ლირიკული, აღწერითი, ჩანახატი, მიმოხილვითი, მონოლოგური, დიალოგური.

საინფორმაციო, ყოფით-აღწერითი, პროცედურულ-აღწერითი, სადისკუსიო, ახსნა-განმარტებითი, სამეცნიერო-პოპულარული.




ტექსტის სახეები

შემოქმედებითი

შემეცნებითი

პრაგმატული

ლექსი; მოთხრობა; იგავი; პიესა; ლეგენდა ჩანახატი; ესკიზი; პორტრეტი; ზღაპარი; მითი; ბალადა; გადმოცემა; გამოცანა; ანდაზა; ენის გასატეხი.

ანალიზი; მსჯელობა; მოხსენება; დისკუსია; დასკვნა; რეზიუმე; ანოტაცია; მიმოხილვა; საგაზეთო სტატია; ისტორიული ინფორმაცია; ენციკლოპედიური სტატია; განხილვა; დოკ. ფილმი; ტელეგადაცემა; ამოცანა.

ყოფითი აღწერა; ანგარიში; ავტობიოგრაფია; ახსნა-განმარტება; განცხადება; ოქმი; სარეკლამო ტექსტი; პირადი წერილი; მოხსენებითი ბარათი.


თემატიკა:


ბუნება, მოგზაურობა, თავგადასავალი, ფანტასტიკა, ოჯახი, თანატოლების ცხოვრება, შრომა-სწავლა, ჰუმანიზმი, სამშობლო, ისტორია, რელიგია, ზნეობრივი მაგალითები, ადამიანური ურთიერთობები.


2) საბაზო საფეხური (VII-IX კლასები)


ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლემ შეიძინა დაწყებით საფეხურზე, ვითარდება საბაზო საფეხურზე. სწავლების ამ ეტაპზე მოსწავლე ავლენს მიდრეკილებას ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნებისადმი, ამიტომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში აქცენტები კეთდება ისეთ მასალაზე, რომელიც შეიცავს პრობლემას (პრობლემებს), განსხვავებულ თვალსაზრისებს და მოითხოვს ამ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას, თვალსაზრისების შეჯერებასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.


საბაზო სწავლება მოიცავს სამწლიან ციკლს. საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:


ა. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება


  • სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;

  • ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური კავშირების ამსახველი სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება.

  • აზრის გამოთქმისთვის შესაფერისი ემოციური ელფერის მქონე სიტყვებისა და ფრაზების შერჩევა და მათი კონტექსტში ჩასმა;

  • სხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ასევე სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი), სტილისა და ჟანრის წაკითხული ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;

  • ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება;

  • სხვადასხვა სირთულის და სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი) ტექსტის გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.

ბ. ენის კომუნიკაციური ასპექტები


  • საკუთარი კომუნიკაციური ქცევების ადეკვატურად შეფასება და სათანადოდ წარმართვა;

  • იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც მიღებულია მოცემულ კულტურულ გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატებისა და საკუთარი აზრის გამოთქმისას;

  • ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის სტრატეგიების დაუფლება;

  • სხვადასხვა ხასიათის ზეპირი და წერილობითი ტექსტების საკომუნიკაციო მიზანის ამოცნობა და ამ კუთხით ტექსტის ეფექტურობის შეფასება;

  • წერის დროს საკომუნიკაციო მიზნის გათვალისწინებით ფუნქციური სტილის მართებულად შერჩევა; საკუთარი ნაწერის რედაქტირება და კორექტირება.


გ. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა


  • მხატვრულ ტექსტში გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ეფექტურობის შეფასება;

  • ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენებისა და პრობლემების დაკავშირება სუბიექტურ გამოცდილებასთან;

  • სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში გამოკვეთილი პრობლემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;

  • ნაწარმოებში არსებული პრობლემური საკითხების არაერთმნიშვნელოვანი და არასწორხაზოვანი ინტერპრეტაცია;

  • სოციოკულტურული კონტექსტის გავლენის აღმოჩენა ლიტერატურულ ნაწარმოებებში;

  • ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანური გამოცდილების სხვადასხვაგვარი გამოვლენის (შემეცნებითი, შემოქმედებითი და ეთიკური) განვითარებისათვის;

  • სხვადასხვა ჟანრისა და სახის ტექსტების წერილობით სტრუქტურირება და ორგანიზება, სადაც მჟღავნდება მისი ლიტერატურული გემოვნება, შემეცნებითი ინტერესები, შემოქმედებითი მოთხოვნილებები.


3) საშუალო საფეხური (X-XII კლასები)


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საქართველოში სწავლების სამწლიან ციკლს ითვალისწინებს (X-XII კლასები). ზოგადი განათლების საშუალო საფეხური სავალდებულო არ არის და, ფაქტობრივად, მოსწავლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მომზადებას ემსახურება.


XI-XII კლასებში ჰუმანიტარული და არაჰუმანიტარული პროფილური ჯგუფების სტანდარტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში განსხვავებულია; ბუნებრივია, ჰუმანიტარული კლასებისთვის სპეციალურ საგნებში მეტი დროა გამოყოფილი და ამ მიმართულებით მოზარდის უნარ-ჩვევების განვითარებას მეტი ყურადღება ექცევა; თუმცა, სრული ზოგადი განათლების მქონე ახალგაზრდა გარკვეულ მოთხოვნებს (პროფილური ორიენტაციის მიუხედავად) მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. იგი უნდა ავლენდეს კვლევით უნარ-ჩვევებს და, საერთოდ, იმ ზოგად და სპეციფიკურ უნარებს, რომლებიც მას მომავალში არჩეული პროფესიის დაუფლებაში დაეხმარება.

საშუალო საფეხურის დასრულების შედეგად, მოსწავლეს უნდა შეეძლოს:


ა. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება


  • სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტების ანალიზი ტონალობის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;

  • ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება;

  • წაკითხული ტექსტის კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი და სინთეზი);

  • ტექსტების ტიპების ამოცნობა და განმარტება მათს სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;

  • ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და მათი სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა.

  • სხვადასხვა ტიპისა და სტილის ტექსტების გამართულად წერა; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.


ბ. ენის კომუნიკაციური ასპექტები


  • საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემებზე კამათის წარმართვას;

  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;

  • წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;

  • კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა;

  • სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი ტიპის წერილობითი ტექსტის შეთხზვა.

  1   2   3   4   5   6   7   8   9   ...   64

Скачать, 155.34kb.
Поиск по сайту:

Добавить текст на свой сайт


База данных защищена авторским правом ©ДуГендокс 2000-2014
При копировании материала укажите ссылку
наши контакты
DoGendocs.ru
Рейтинг@Mail.ru